24 February 2011

რაიმონდს ვინგრისის ვიზიტი




   2010 წლის 7 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა საქართველოში ლატვიის საელჩოს მეორე მდივანთან - ბატონ რაიმონდს ვინგრისთან. შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის სახელმწიფო მართვისა და ჰუმანიტარული სკოლების სტუდენტები, დეკანები და სასწავლო პროგრამების მენეჯერები.

   შეხვედრის ძირითადი თემა იყო ”ლატვიის წევრობა ნატოში” და ნატო-საქართველოს ურთიერთობა. ბატონმა რაიმონდს ვინგრისმა, სანამ უშუალოდ გადავიდოდა ზემოთხსენებულ თემაზე, მცირე მიმოხილვა გააკეთა ზოგადად ნატოს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის როლთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირითად პრინციპებს, რომლებიც ასახულია ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში(1949წ.). კერძოდ კი, ყურადღება გაამახვილა მე-5 მუხლზე - რომელიც გულისხმობს კოლექტიური თავდაცვის უფლებას. აგრეთვე, ბატონმა რაიმონდს ვინგრისმა აღნიშნა ”ღია კარის” პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთ-ერთ პრინციპს. ამ პოლიტიკის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც დაიცავს ალიანსის ღირებულებებს და თავის  წვლილს შეიტანს  ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, შეუძლია გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა(ჩრდილოატკანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლი).
   შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო. აქედან გამომდინარე, როგორც დეკანებს, ასევე სტუდენტებს  საშუალება ჰქონდათ, რომ კითხვები დაესვათ ბატონი რაიმონდს ვინგრისისათვის და შესაბამისად, მიეღოთ ამომწურავი პასუხები. ბატონმა მდივანმა მკვეთრად აღნიშნა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ აქვე ისიც დასძინა, რომ ეს საკითხი დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დღევანდელი სტადია, წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესი, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი ქვეყანა მიუახლოვდება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მიერ დაწესებულ სტანდარტებს.
   შეხვედრის დასკვნით ნაწილში ლატვიის საელჩოს წარმომადგენელმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღვივებაზე და დასძინა, რომ საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივა გააჩნია. თუმცა, ჯერჯერობით ეს საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
   დასასრულ, ბატონმა ვინგრისმა სტუდენტებს მეტი სწავლა-განვითარებისკენ მოუწოდა და მათ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ განათლება ამ ექოპის ნომერ პირველი პრიორიტეტია.   

მარიამ ხერგიანი
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა

No comments:

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!