მოგესალმებით ბავშვებო,
მე დღეს შევიტყვე CSG-ს ბლოგის შესახებ. ძალიან გამიხარდა და მაშინვე მომინდა მისი ნახვა. მორიგ, წინასწარ დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე წუთი მქონდა დარჩენილი და გადავწყვიტე, რომ თვალი გადამევლო მისთვის. კითხვაში ისე გავერთე, რომ სულ გადამავიწყდა იმ შეხვედრის ამბავი და მხოლოდ ჩემი კოლეგების სატელეფონო ზარმა შემახსენა, რომ თქვენს ნაწერებს უნდა მოვწყვეტოდი და უკან, რეალობაში დავბრუნებულიყავი. გულახდილად გითხრათ, ეს არცთუ მარტივი აღმოჩნდა, რადგან არ მეგონა, რომ ამდენი არტისტული და პოეტური სულის სტუდენტი გვყავდა ჩვენს შედარებით პატარა სკოლაში.
აქამდე ვიცოდი, რომ ბევრი სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა სწავლობს ჩვენთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც პოეტების ნაკლებობას ვუჩივით. ნამდვილად ვისიამოვნე თქვენი ინტერვიუებისა და ლექსების კითხვით. ყოჩაღ, კარგი დასაწყისია. მადლობა ყველას, ვისაც მოაფიქრდა და ხორცი შეასხა ამ კარგ იდეას (ალბათ ზუკა მარკელიას პირველ რიგში, თუმცა ალბათ მას სხვებიც ეხმარებოდნენ), ყველას, ვინც უკვე განათავსა თავისი ჩანაწერები. მიხარია, რომ ორი დღის კვალობაზე ბევრი მკითხველი შეიძინეთ. ვისურვებდი, რომ CSG-ს ბლოგი გახდეს აზრთა ”ჭიდილის”, საინტერესო ინფორმაციის, სიახლეების გაცვლა-გამოცვლისა და ურთიერთგამდიდრების ასპარეზი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ და ბლოგის ყველა სტუმარი ყოველთვის აღმოაჩენს რაღაცას თავისთვის საინტერესოს. ეს კი თქვენ ყველას კიდევ უფრო დაგაახლოვებთ და ერთადყოფნის, საქმის ერთად კეთების სიამოვნებას განგაცდევინებთ. ადამიანი სოციალური არსებაა, უმრავლეს შემთხვევაში მისი რაობა სწორედ სხვა ადამიანებთან მიმართებაში ვლინდება და ეჭვი არ მეპარება, რომ ახლადგახსნილი CSG-ის ბლოგი გარკვეულ წვლილს შეიტანს თქვენს თვითგამოხატვასა და პიროვნულ ზრდაში. მოდით, ერთად ვუსურვოთ წარმატებები ჩვენი სკოლისა და უნივერსიტეტის ფარგლებში დაწყებულ ყველა ჯანსაღ წამოწყებას და ყველამ გარკვეული ძალისხმევა მოვახმაროთ ამ წამოწყებების ხარისხიანად და საინტერესოდ გაგრძელება-განვითარებას. მზია მიქელაძე
4 თებერვალი, 2011
2 comments:
დიდი მადლობა ქალბატონო მზია, გამიხარდა რომ მოგეწონათ ბლოგი.
დიდი მადლობა ქალბატონო მზია..იმედი გვაქვს თქვენც აქტიური მკითხველი გახდებით ჩვენი ბლოგისა : )
Post a Comment
ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!